თბილისის ჰელსინკის ჯგუფმა ადვოკატ ირმა ჭკადუას შვილი ანრი ჯოხაძე პოლიტიკურ პატიმრად სცნო.
ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ერთობლივ ბრიფინგზე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა, ადვოკატებმა გელა ნიკოლაიშვილმა დ ირმა ჭკადუამ განაცხადეს.
როგორც ჟურნალისტებს ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა განუმარტა 21 წლის ანრი ჯოხაძე სამართალდამცავებმა 26 აგვისტოს დააკავეს. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე აღიძრა, რომ თითქოს, საქართველოში გარკვეული დანაშაულებრივი ჯგუფი ამზადებს და ასაღებს ნარკოტიკულ ნივთიერება - სუბოტექსს.
მისივე თქმით, ჯოხაძის პირად ჩხრეკას მოწმეები არ დასწრებიან, რაც ადვოკატის თქმით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
„აღსანიშნავია, რომ ანრი ჯოხაძის დაკავებას წინ უსწრებდა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში მის მიერ გაკეთებული კომენატარი, სადაც ის „ქართული ოცნების“ საპროტესტო აქციის შემდეგ ღიად აფიქსირებს პოზიციას და აცხადებს, რომ სურს დემოკრატიულ საქართველოში ცხოვრება. ანრი ჯოხაძე სრულიად უკანონოდ არის დაპატიმრებული“-განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
როგორც დაკავებულის დედამ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ აღნიშნა, მისი შვილი 26 აგვისტოს ეზოში დააკავეს. მისი თქმით, ნარკოტიკული ნივთიერება - სუბოტექსი თბილისში საერთოდ არ იშოვება და რომც იყოს, შესაძენი თანხა მის შვილს არ გააჩნდა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მის შვილს უკანონო პატიმრობიდან არ გაათავისუფლებენ, ადვოკატი უკიდურეს ზომებს, მათ შორის შიმშილობას მიმართავს.
ამასთან, თბილისის ჰელსინკის ჯგუფი მოუწოდებს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, უფლებადამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკური პატიმრის ანრი ჯოხაძის საქმის გამოძიებაში და მოახდინონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.
ხვალ ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები ბრიუსელში მიემგზავრებიან, სადაც ისინი ევროპარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდებიან, შემდეგ კი, საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით ევროპარლამენტთან აქციას გამართავენ.
