ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „თავისუფალი საქართველოს“ სარჩელი არ დააკმაყოფილა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „თავისუფალი საქართველოს“ სარჩელი არ დააკმაყოფილა
16:07 13.09.2012
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქუთაისის საკრებულოს წინააღმდეგ პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი საქართველოს“ სარჩელის  განხილვა დაასრულა.

როგორც „ნიუსპრესს“ ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, „თავისუფალი საქართველო“ სარჩელით ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 9 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვდა, რომლითაც განსაზღვრული იყო ქუთაისში, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისათვის წინასაარჩევნო შეხვედრებისათვის, შენობებისა და საარჩევნო ბეჭდვითი მასალების გასაკრავი ადგილები.

სასამართლომ „თავისუფალი საქართველოს“ სარჩელი არ დააკმაყოფილა, რადგან საქმის განხილვისას დაადგინა, რომ გასაჩივრებული ბრძანებით სააგიტაციო მასალების გაკვრა აიკრძალა ქუთაისის ტერიტორიაზე არსებულ გარე განათების ბოძებზე და ირ. აბაშიძის გამზირზე.

სასამართლოს ინფორმაციით, საკრებულოს აღნიშნული გადაწყვეტილება ემსახურებოდა მიზანს, არ დარღვეულიყო ქალაქის კულტურულ-ეკონომიკური ინტერესები, ცალკეული არქიტექტურული ობიექტების იერსახე და მათი მხატვრულ-ესტეთიკური ღირებულებები. ამავე დროს საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის ბრძანება მიღებული იქნა ისე, რომ არ დარღვეულა დისკრეციული უფლებამოსილების პრინციპი, კერძოდ, არ დარღვეულა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა, ხოლო ადმინისტრაციული ორგანო მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა.


ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ქუთაისის საკრებულოს მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილებით არ შელახულა არცერთი საარჩევნო სუბიექტის უფლებები. გასაჩივრებული ბრძანებით დადგენილი ადგილები, კი, სადაც ნებადართულია სააგიტაციო მასალის განთავსება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს წარმოადგენს.

სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე რომ მოპასუხის მიერ სტენდების განლაგებისთვის ადგილი შერჩეული იქნა არა მხოლოდ მოსარჩელისთვის, არამედ ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის.

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

ბეჭდვა