თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიმართ მოსარჩელე შპს „ლ.გ. ჯგუფის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
როგორც „ნიუსპრესს“ საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, მოსარჩელე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას მოითხოვდა.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მათ კომპანიას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2011 წლის 21 ოქტომბრის ბრძანებისა და ამავე წლის 24 ოქტომბრის საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, დამატებითი ღირებულების გადასახადი - 11811, 31 ლარი დაეკისრა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა, თუმცა, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შესაბამისი საჩივრით მოსარჩელემ ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართა, რომელმაც 2012 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით, საჩივარი ნაწილობრივ, კერძოდ კი, ჯარიმის თანხის დაკისრების ნაწილში დააკმაყოფილა. მოსარჩელე საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას არ დაეთანხმა და სასამართლოს მიმართა.
„სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარეს არ აქვს სრულყოფილად შესწავლილი „ლ.გ. ჯგუფის“ კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული სავარაუდო საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტი, შესაბამისად, მოპასუხის მიერ შპს ,,ლ.გ. ჯგუფისთვის’’ 7 207,54 ლარის დღგ-ს ჩათვლის გაუქმება და მისთვის სახელმწიფო ბუჯეტის სასარგებლოდ დღგ-ს ძირითადი თანხის - 7 207,54 ლარის გადასახდელად დაკისრება, უკანონოა“ - აცხადებენ სასამართლოში.
ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმნენ და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
