თბილისის საქალაქო სასამართლოში ლილოს დასახლებაში ქლორის გაჟონვის ფაქტზე დაკავებული ლევან დაუთაშვილის სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება.
წინა სასამართლო სხდომას ორივე ბრალდებული შპს „კრისტალის“ ხელმძღვანელი ლევან დაუთაშვილი და შპს „სენტიმენტალ ჯიემჯის“ წარმომადგენელი გოჩა ყულეჭიშვილი ესწრებოდა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები წარადგინეს.
ადვოკატების განცხადებით, ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ორივე ბრალდებულის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
3 ივლისს, ლილოს დასახლებაში, ერთ-ერთი კერძო კომპანიის კუთვნილი ავზიდან ქლორმა გაჟონა. შემთხვევის შედეგად, მოიწამლა 80-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, ორი ორსული და რამდენიმე ბავშვი. შემთხვევას 18 წლის ლაშა ნარიმანიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინციდენტის შედეგად „კრისტალის“ ხელმძღვანელი ლევან დაუთაშვილი და შპს „სენტიმენტალ ჯიემჯი“-ის წარმომადგენელი გოჩა ყულეჭიშვილი დააკავეს. მათ ბრალი გარემოსთვის საშიში ნივთიერებისადმი წესის დარვევით მოპყრობისა და ადამიანის სიცოცხლის მოსპობაში ედებათ.
