ცოტნე გამსახურდიამ დღეს დილით შიმშილობა დაიწყო
ცოტნე გამსახურდიამ დღეს დილით შიმშილობა დაიწყო
16:27 08.09.2012
პატიმრობაში მყოფმა ცოტნე გამსახურდიამ დღეს დილით შიმშილობა დაიწყო. როგორც „ნიუსპრესს“ გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა შიმშილობა ორი მიზეზის გამო დაიწყო.

„ცოტნეს ძირითადად ორი მოთხოვნა აქვს: პირველი, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხრიდან უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს პატიმართა მდგომარეობას, მათი უფლებების დაცვას, რადგან დღეს ყველა ორგანიზაცია მომავალ არჩევნებზეა გადართული. მეორე მოთხოვნაა, რომ ყველა დაავადებულ და დასნეულებულ პატიმარს ჩაუტარდეს გადაუდებელი და ადეკვატური მკურნალობა“-განაცხადა ქეთი ბექაურმა.

მისივე თქმით, ცოტნე გამსახურდიას არაერთი ქრონიკული დაავადება აქვს და მას ადეკვატური მკურნალობა ესაჭიროება, თუმცა გამსახურდია სამოქალაქო ტიპის კლინიკაში არ გადაჰყავთ.

„ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებულია და ის დაუყოვნებლივ საჭიროებს ყურადღების მიქცევას. გარდა ამისა ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გუშინ ცოტნეს შეუვარდნენ საკანში და შეეცადნენ გაეფორმებინა ყალბი ოქმი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ცოტნე გამსახურდია, რომელიც უმძიმესი ქრონიკული ავადმყოფია უარს აცხადებდა მკურნალობაზე“ -აცხადებს ადვოკატი.

ბექაურის თქმით, ცოტნე გამსახურდიას სთავაზობენ, სასჯელაღსრულების # 18 ე.წ სამკურნალო დაწესაბულებაში გადაყვანას, თუმცა მისივე განმარტებით ეს არა სამკურნალო დაწესებულება, არამედ „პატიმართა სასაკლაოა.“




ბეჭდვა