მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებით 17 მსჯავრდებული გათავისუფლდა.
ინფორმაცია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ გაავრცელა. საბჭოებმა ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ 17 განცხადება დააკმაყოფილეს.
პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის პრინციპის თანახმად, განცხადებებს საბჭოები ყოველი თვის ბოლოს განიხილავენ, შემდეგ კი ზეპირი მოსმენა იმართება რომელსაც მსჯავრდებული და ადვოკატი ესწრება.
საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ განიხილავს.
5 წევრიანი საბჭოები დაკომპლექტებულია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლებით.
