სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ 5 000 ლარით დააჯარიმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ აუდიტის სამსახურმა, 2012 წლის 31 ივნისს, პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ორგანიზებით გურჯაანში, დიდების მემორიალზე, კახეთის მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას ჩატარებული ღონისძიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის და ამ ფაქტის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონთან შესაბამისობის საკითხის დადგენის მიზნით, ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა.
აუდიტის სამსახურის ცნობით, მონიტორინგის პროცესში დადგინდა, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" ორგანული კანონის 271-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები დაარღვია და შემოწირულობის შესახებ ინფორმაცია, არც კანონით დადგენილ ხუთდღიან ვადაში აცნობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და არც ფინანსური საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაში კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ასახა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის" მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა და განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაუგზავნა.
სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დღეს მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" მიმართ სანქციის გამოყენების თაობაზე და პარტია კანონდარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა.
