„საქართველოს ადვოკატთა და იურისტთა ობსერვატორია“ არჩევნებზე ვიდეო კონტროლის აღდგენის საჭიროების აუცილებლობაზე დღეს განცხადებას გააკეთებს.
როგორც „ნიუსპრესს“ ორგანიზაციიდან აცნობეს, იქიდან გამომდინარე, რომ ოქტომბრის არჩევნები საერთაშორისო საზოგადოების აშშ-ს, ევროპისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია, ობსერვატორია საჭიროდ მიიჩნევს საარჩევნო უბნებზე ვიდეო კონტროლის აღდგენას.
ობსერვატორია რეკომენდაციით მიმართავს ხელისუფლებას, ბრძანებით, განკარგულებით ან და სხვა შესაბამისი მოტივირებული ნორმატიული ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნებში ვიდეო თვალი დამონტაჟდეს, არა ხმის მიცემის კაბინების ზემოთ, რითაც ხმის მიცემის ფარულობა დაირღვევა, არამედ, საარჩევნო უბანზე შესასვლელ კართან.
ობსერვატორიის წევრთა განცხადებით, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, საარჩევნო უბნებზე ვიდეოკონტროლის გაუქმება არასამართლიანი და არაობიექტური გადაწყვეტილება იყო.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ვიდეო კონტროლით უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეების თავისუფალი ნების გამოხატვა საარჩევნო უბნებთან და გამოაშკარავდება ხმის მიცემის ან ამ პროცესისთვის ხელის შეშლის სავარაუდო კანონდამრღვევები.
„ვფიქრობთ ამ მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება და გაუქმებული კანონის ამ ეტაპზე დროული ამოქმედება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სამართლიანი საჯარო, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას“ - აცხადებენ ობსერვატორიაში.
