საია ადგილობრივი თვითმმართველობის ვებ-გვერდების პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას მიუღებლად მიიჩნევს
საია ადგილობრივი თვითმმართველობის ვებ-გვერდების პარტიული მიზნებისთვის გამოყენებას მიუღებლად მიიჩნევს
19:30 06.09.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ვებ-გვერდებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივობების გაშუქების ფაქტებს მიუღებლად მიიჩნევს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მსგავსმა შემთხვევებმა ბოლო პერიოდის განმავლობაში საგანგაშო ტენდენციის სახე მიიღო.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული შემთხვევები ადგილობრივ დონეზე პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის არარსებობაზე მეტყველებს, რომლის დროსაც უგულვებელყოფილია საჯარო სამსახურის უპარტიობის ძირითადი პრინციპი.

„ჩვენ მიერ მოკვლეული ინფორმაციით, თვითმმართველობების ვებ-გვერდები აქტიურად აშუქებენ საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების პარტიულ ღონისძიებებსა თუ ისეთ სააგიტაციო შეხვედრებს, სადაც ოპონენტების საწინააღმდეგო მოწოდებები უხვადაა გამოყენებული. ხშირ შემთხვევაში, ვებ-გვერდებზე განთავსებულია მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების სურათები და სხვა მასალები. ჯამში 14 თვითმმართველობის ვებ-გვერდი გამოვლინდა, სადაც განთავსებული მასალა საარჩევნო კანონმდებლობას ეწინააღმდეგება“- აცხადებენ საიაში და აღნიშნავენ, რომ თვითმმართველობების ვებ-გვერდებზე მხოლოდ მმართველი პარტიის სასარგებლო აგიტაციას აქვს ადგილი და არც ერთ შემთხვევაში არ ხდება ოპოზიციური პარტიების პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიება.

კანონსაწინააღმდეგო პრაქტიკის თვალსაჩინოდ, დემონსტრირებისთვის საიას მაგალითებად სამტრედიის, ზუგდიდის, ბოლნისის, ახმეტის მუნიციპალიტეტების ვებ-გბერდებზე გამოქვეყნებული მასალები მოჰყავს.

საიას განმარტებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებებისა და საინფორმაციო მომსახურების გამოყენება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით, აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.

„შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მუნიციპალიტეტების პასუხისმგებელი პირები არღვევენ საარჩევნო კოდექსის ამ მოთხოვნებს, რაც მათთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის, კერძოდ კი, 2000 ლარიანი ჯარიმის დაკისრების საფუძველია. ამის პარალელურად, მიზანშეწონილია შესაბამისი პირებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული საქციელის ჩადენის გამო“- აცხადებენ არასამთვარობო ორგანიზაციაში.

საიას ინფორმაციით, მაგალითად ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე მკვეთრად სააგიტაციო შინაარსის მასალის მრავალჯერ გამოქვეყნების გამო, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.

საია მიმართავს ცესკოს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს აღნიშნული საქმის გარემოებები და შესაბამისი პირების მიმართ სამართალდარღვევის ოქმები შეადგინოს. ასევე, მოუწოდებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორის კომისიას, სრულყოფილად შეისწავლოს სახელმწიფო დაწესებულებების ვებ-გვერდები, ეფექტური ზედამხედველობა გაუწიოს საჯარო მოხელეების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შესრულებას და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები.

ბეჭდვა