ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის“ წინააღმდეგ შეტანილ სარჩელთან დაკაშვირებით მოსამზადებელი სხდომა გამართა.
როგორც „ნიუსპრესს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებიდან“ აცნობეს, სასამართლომ პროცესში მონაწილე მხარეებისგან დავასა და მისი მორიგების მცდელობებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო.
მოსარჩელე მხარის ადვოკატის არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 2012 წლის 7 ივლისს პროფესიული კოლეჯის დირექტორს დავით მჭედლიშვილს საშუამავლო ღია წერილით მიმართეს, რომელშიც დავის მორიგებით დასრულების წინადადებაზე იყოს საუბარი, თუმცა, აღნიშნული წერილის საპასუხოდ, დირექტორმა 11 ივლისს თათბირი მოიწვია და კოლეჯის 41 თანამშრომლის დასწრებით, მოსარჩელე მხარის მოთხოვნის საწინააღმდეგო შინაარსის ოქმი შეადგინა.
მოპასუხე მხარის ერთ–ერთი ადვოკატის რუსუდან ბასკურაძის განცხადებით, მოსარჩელე თამარ კაიკაციშვილის მოადგილედ კოლეჯში დაბრუნება შეუძლებელია, რადგანაც „მისთვის შეთავაზებული ყველა ვაკანტური თანამდებობა და მოადგილის პოზიცია დაკავებულია.“
ადვოკატ კაიკაციშვილის განმარტებით კი, თამარ კაიკაციშვილი უფლებამოსილებაში დაბრუნებას არ ითხოვდა. მისთვის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა სხვა საფუძვლებით უნდა მომხდარიყო.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ მხარეებს მორიგების უფლების გამოყენება შესთავაზა და გონივრულ ვადად ერთკვირიანი პერიოდი განუსაზღვრა.
ადვოკატ არჩილ კაიკაციშვილის თქმით, თუკი ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯი მიიღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს - კოლეჯის დირექტორი დავით მჭედლიშვილი გააუქმებს ბრძანებას თამარ კაიკაციშვილის მიმართ დისციპლინარული სახდელის – გაფრთხილების გამოყენების შესახებ სასწავლო პროცესში დარღვევების გამო და ყოფილ მოადგილესთან დაკავშირებით შეწყვეტის ნაცვლად, შრომით ხელშეკრულების მოშლის გადაწყვეტილებას მიიღებს, მორიგება შემდგარად ჩაითვლება.
თამარ კაიკაციშვილი მიიჩნევს, რომ ამ ფორმით მის პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია აღდგება, თუმცა, არ აპირებს დაბრუნდეს თანამდებობაზე და რაიმე ფორმით საფრთხე შეუქმნას სასწავლო პროცესს და აკადემიურ გარემოს.
თამარ კაიკაციშვილი 2012 წლის 19 ივნისს კოლეჯის დირექტორმა, ოფიციალური ვერსიით, სასწავლო პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო გაათავისუფლა, მოსარჩელე მხარემ კი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17 ივლისს მიმართა. დავის საგანს დირექტორის მიერ მიღებული ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა და პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა წარმოადგენს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 6 სექტემბერს გამართულ სხდომას მონიტორინგის მისიით საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სასამართლო პროცესს დაესწრო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლები და ჟურნალისტური კორპუსი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მორიგი სასამართლო პროცესი ერთ კვირაში გამოცხადდება.
