უახლოეს მომავალში არასაპატიმრო სასჯელი - თავისუფლების შეზღუდვა ამოქმედდება
უახლოეს მომავალში არასაპატიმრო სასჯელი - თავისუფლების შეზღუდვა ამოქმედდება
19:20 05.09.2012
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი პროექტის ფარგლებში, უახლოეს მომავალში, კიდევ ერთი არასაპატიმრო სასჯელი - თავისუფლების შეზღუდვა ამოქმედდება.

როგორც „ნიუსპრესს“ სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროდან აცნობეს, სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის ფარგლებში, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე შექმნილი ახალი ტიპის - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ამოქმედების შედეგად, არასაპატიმრო სასჯელაღსრულების სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ევროპული სტანდარტი დაინერგება.

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსდებიან ის პირები, რომლებსაც სასამართლომ თავისუფლების შეზღუდვა შეუფარდა და ის მსჯავრდებულები, რომლებსაც ადგილობრივი საბჭოს მიერ, მათივე თანხმობის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების შეზღუდვით შეეცვლებათ.

სასჯელაღსრულების სამინისტროს განმარტებით, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება მსჯავრდებულის ინტენსიურ რეაბილიტაციაზეა ორიენტირებული, რაც მსჯავრდებულის საზოგადოებაში უმტკივნეულო დაბრუნებას და განმეორებითი დანაშაულის პრევენციას ემსახურება.

ინდივიდუალური შეფასების და ადმინისტრაციის ნებართვის საფუძველზე მსჯავრდებულებს ელექტრონული მონიტორინგის მეშვეობით შესაძლებლობა ექნებათ შაბათ-კვირას დატოვონ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება.

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსებულ პირები ასევე შეძლებენ დასაქმდნენ და შესაბამისი ანაზღაურება სხვადასხვა პროფილის საწარმოში მიიღონ. მსჯავრდებულები სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო კურსებს გაივლიან, სპორტულ აქტივობებში და და საგანმანათლებლო პროგრამებში ჩაერთვებიან.

სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, პროექტის შემუშავების პროცესში სამინისტრომ ევროპული ქვეყნების გამოცდილების პრაქტიკა გაიზიარა და იგი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციებით შემუშავდა.

ბეჭდვა