„მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგა“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა ორგანული კანონის 26-ე პრიმა მუხლით განსაზღვრული
მონიტორინგის სუბიექტად სცნო.
აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ააიპ „მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგა" მისი საქმიანობიდან, ასევე საჯაროდ გაცხადებული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სუბიექტად იქნა ცნობილი და მასზე ორგანული კანონით დადგენილი შეზღუდვები გავრცელდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგის" დამფუძნებელი ყრილობა 2012 წლის 2 აპრილს გაიმართა, ორგანიზაციის დამფუძნებლებმა საჯაროდ მოახდინეს საკუთარი მიზნებისა და ამოცანების დეკლარირება და განაცხადეს, რომ „გაერთიანდნენ სახელისუფლო მონოპოლიისაგან, უსამართლობითა და სიცრუით გამოწვეული უიმედობისაგან გასათავისუფლებლად“... ხოლო, ორგანიზაციის დაფინანსების წყაროდ შემოწირულებები გამოცხადდა.
აუდიტის სამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის” აქტივობის ერთ-ერთ მიმართულებად საარჩევნო სიების დაზუსტება განისაზღვრა. 2012 წლის 18 ივნისს „ამომრჩეველთა ლიგამ" „კარდაკარის" ალტერნატიულ პროექტი დაიწყო. პროექტის განსახორციელებლად ორგანიზაცია ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს იყენებს, თუმცა, მისი დაფინანსების წყარო უცნობია.
„მიუხედავად ორგანიზაციის მიერ ფორმალურად გაცხადებული მიზნებისა, ორგანიზაციის სახელით საჯაროდ გაკეთებული განცხადებები პოლიტიკური შინაარსისაა და ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად, რაც, თავის მხრივ, ლეგიტიმური მიზანია, თუმცა, სცდება საზოგადოების მიერ ფორმალურად გაცხადებულ საქმიანობის მიზანს“ - აცხადებენ მონიტორინგის სამსახურში და აღნიშნავენ, რომ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების ეგიდით მიმდინარე აქტივობას, რისთვისაც ორგანიზაცია ფინანსურ რესურსებს იყენებს, თან ახლავს მკაფიოდ პოლიტიკური შინაარის განცხადებები, რაც ქმნის ფონდის მიზნებისა და ამოცანების პირდაპირ მიმართებას პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან და საქმიანობასთან.
აუდიტის სამსახურის განცხადების თანახმად, ასევე ამაზე მიუთითებს ფონდის ხელმძღვანელის პოლიტიკურად აქტიური პირების საჯარო გამოსვლები, რომლებიც თავიანთ ქმედებებში ცდილობენ, მოახდინონ საკუთარი პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რაც იწვევს ორგანიზაციის საქმიანობის პოლიტიკური ნიშნით აღქმადობას. ამას უფრო მეტად სარწმუნოს ხდის ის ფაქტი, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები და წევრები წლების განმავლობაში პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილე პირები არიან (პარლამენტის ყოფილი წევრები, ყოფილი მინისტრები, პრეზიდენტობის კანდიდატები) და დღესაც პირდაპირ არიან ჩართულები პოლიტიკურ და საარჩევნო საქმიანობაში, რისთვისაც სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ ფინანსურ რესურსებს იყენებენ.
მონიტორინგის სამსახურის განმარტებით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლის კონტექსტში „საარჩევნო მიზანი" უკავშირდება ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, რაც მიმართულია საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისკენ მისი იმგვარად ფორმირების მიზნით, რომ შეიქმნას პოზიტიური დამოკიდებულება ან ჩამოყალიბდეს ნეგატიური ელექტორალური განწყობა კონკრეტული პოლიტიკური ძალის მიმართ და ამ გზით ზეგავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე.
„აღნიშნულიდან გამომდინარე, მართალია, „მოძრაობა ამომრჩეველთა ლიგა" უშუალოდ არ მონაწილეობს არჩევნებში, თუმცა, მას გააჩნია საარჩევნო მიზნები“ - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მონიტორინგის ჯეროვნად განხორციელებისა და ორგანიზაციის მიერ კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, ლიგას ეცნობა, თუ რა ფორმით განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ფინანსური გამჭვირვალობის ფუნქციას. ასევე, გაეგზავნა ინფორმაცია მათი უფლება-მოვალეობების და ფინანსური ანგარიშგების წესების შესახებ.
