საია „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტის გამოძიებას ითხოვს
საია „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტის გამოძიებას ითხოვს
15:25 04.09.2012
საქართველოს ახალგაზრდა ადვოკატთა ასოციაცია სამართალდამცავ ორგანოებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ზურაბ ოტიაშვილის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტის გამოძიებას სთხოვს.

როგორც „ნიუსპრესს“ საია-დან აცნობეს, 27 აგვისტოს მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრმა ზურაბ ოტიაშვილის მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.

საია-ს ინფორმაციით, მედიასაშუალებისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, რომ სოფელ ჩარგალში, 25 აგვისტოს გამართულ სახალხო დღესასწაულ „ვაჟაობაზე“ ზურაბ ოტიაშვილი ადგილობრივ მაცხოვრებელ გიორგი ბასილაშვილს 500 ლარით დაეხმარა.

„გიორგი ბასილაშვილი ზურაბ ოტიაშვილის მიერ მისი დახმარების ფაქტს ადასტურებს. ჟურნალისტისთვის გაკეთებულ კომენტარში თავად ზურაბ ოტიაშვილიც ადასტურებს აღნიშნულ ინფორმაციას და ამბობს, რომ ბასილაშვილი გაჭირვებული იყო და ადამიანურად დაეხმარა“ - აცხადებენ საია-ში.

აღსანიშნავია, რომ 18 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ მოსახლეობას ზურაბ ოტიაშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარუდგინა.

„31 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არა ზურაბ ოტიაშვილი, არამედ, ნინო ხუციშვილი იქნება, თუმცა, ეს ცვლილება 25 აგვისტოს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაციაზე გავლენას არ ახდენს“ - აცხადებენ საია-ს წარმომადგენლები.

მათივე თქმით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლის მიხედვით, საარჩევნო მიზნით, პირისთვის პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის გადაცემა ამომრჩევლის მოსყიდვის დანაშაულს წარმოადგენს და ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ისჯება.


ბეჭდვა