არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ საარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევაში ადანაშაულებს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, მმართველი პარტიის მიერ საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილი ირღვევა, რომლის თანახმად, ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შენობა-ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე შეიძლება გამოიფინოს მათი მესაკუთრეების ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში.
მჟავანაძის განცხადებით, დღეისთვის, სააგიტაციო მასალები სადარბაზოებსა და ლიფტებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშეა გაკრული.
„უფლებადამცველთა გაერთიანებაში“ აცხადებენ, რომ სააგიტაციო მასალის გაკვრისთვის საჭიროა ბინათმესაკუთრეთა თანხმობა და არა „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშ მყოფი ამხანაგობის თავმჯდომარის ერთპიროვნული გადაწყვეტილება.
„უფლებადამცველთა გაერთიანება“ საარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევების ამსახველ მასალებს რეაგირებისთვის უწყებათაშორის კომისიას გადაუგზავნის.
