„ქართუ ბანკის“ თანამშრომლების ქონებაზე აუქციონი საქმის არსებითი განხილვის შემდეგ განახლდება
„ქართუ ბანკის“ თანამშრომლების ქონებაზე აუქციონი საქმის არსებითი განხილვის შემდეგ განახლდება
11:03 04.09.2012
„ქართუ ბანკის“ ცხრა თანამშრომლის ქონებაზე აუქციონის განახლების თარიღი ჯერ უცნობია.

როგორც „ნიუსპრესს“ აღრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, აუქციონი საქმის არსებით განხილვამდე შეჩერდა.

აღსრულების ბიუროში განმარტავენ, რომ „ქართუ ბანკის“ რამდენიმე თანამშრომელმა საააღსრულებო ბიუროს საპროტესტო წერილით მიმართა და აუქციონზე მათი ქონების გაყიდვა გააპროტესტა.

„რამდენიმე ადამიანმა შემოიტანა საჩივარი. შესაბამისად, მოხდა საჩივრის შესწავლა და რომ არ დარღვეულიყო მათი უფლებები, საქმის არსებით განხილვამდე სააღსრულებო პროცესი შეჩერდა“- განუცხადეს „ნიუსპრესს“ აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე კოალიცია „ქართული ოცნების“ შემომწირველი „ბანკი ქართუს“ ცხრა თანამშრომელი 10 აგვისტოს დააჯარიმა.

სასამართლოს დადგენილებებით, „ქართუ ბანკის“ თანამშრომლები ცნობილ იქნენ სამართალდამრღვევებად ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 342-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის და სახდელის სახით დაეკისრათ ჯარიმის გადახდა აკრძალული შემოწირულობის ხუთმაგი ოდენობით.

ბეჭდვა