რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან, ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული 11 პირიდან ორი საქართველოს მოქალაქეა.
ამის შესახებ პოლიციის ოფიცერმა ნიკოლოზ კობახიძემ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, ცხედრების დათვალიერებისა და ექსპერტიზის შემდეგ 11 ლიკვიდირებული პირიდან დაზუსტებულია შვიდის ვინაობა.
„გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ლიკვიდირებული 11 პირიდან ორი საქართველოს მოქალაქეა. ესინი არიან - ასლან მარგოშვილი დაბადებული 1990 წლის 30 ივნისს და ბაჰაუდინ ქავთარაშვილი, დაბადებული 1986 წლის 7 თებერვალს“ – განაცხადა ნიკოლოზ კობახიძემ.
მისივე თქმით, იდენტიფიცირებული 5 პირი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, ჩრდილოეთ კავკასიიდან.
„დანარჩენი იდენტიფიცირებულო პირები რუსეთის მოქალაქეები არიან. დუკვახა დოშუევი - დაბადებული 1968 წლის 19 იანვარს ჩეჩნეთის ქალაქ ვედენოში; სალამ ზაურბეკოვი - დაბადებული 1991 წლის 14 დეკემბერს ჩეჩნეთში, ქალაქ გროზნოში; ხაშიევ ჯაბრაილი - დაბადებული 1989 წლის 24 იანვარს ინგუშეთში; მუსა ადოევი - დაბადებული 1981 წლის 28 მარტს გროზნოში და ბაჰუდინ ბაღაკაშვილი დაბადებული გროზნოში 1986 წლის 10 თებერვალს. მას ნათესავები ჰყავს პანკისის ხეობაში“ - აღნიშნა კობახიძემ.
შსს-ს ინფორმაციით, იდენტიფიცირებული საქართველოს მოქალაქეების ცხედრები მათ ახლობლებს გადაეცემათ, ხოლო დანარჩენ გარდაცვლილებს, მათი წესების შესაბამისად, საქართველოში დაკრძალავენ.
დანარჩენი ოთხი პირის იდენტიფიცირებისთვის გამოძიება გრძელდება.
ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, ლიკვიდირებულია დივერსანტთა დაჯგუფების 11 პირი. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი და თავდაცვის სამინისტროს ექიმი.
