თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ რადიო „ჰერეთის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა.
სასამართლომ ძალაში დატოვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსში „ჰერეთის“ განცხადება არ დაკმაყოფილდა და გამარჯვებულად შპს „მედია ჰაუს დეკომი“ - რადიო „ცხელი შოკოლადი“ გამოცხადდა.
როგორც „ნიუსპრესს“ ჰერეთის დამფუძნებელმა რამაზ სამხარაძემ განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა.
„დღეს სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ გამოუცხადებია. შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით, რის საფუძველზე მიიღო ის. გვქონდა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც საქმის განხილვისას წარვადგინეთ“-აღნიშნა სამხარაძემ.
მისივე თქმით, კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აღნიშნული კონკურსზე რადიო „ჰერეთი“ და „მედია ჰაუს დეკომი“ – „ცხელი შოკოლადი“ არათანაბარ პირობებში ჩააყენა.
„კონკურსის პირობების შესაბამისად, ჩვენ მოგვთხოვეს დოკუმენტაციის სრული ნუსხა, „მედია ჰაუს დეკომს“ კი, მთელი რიგი დოკუმენტაცია აკლდა“-განაცხადა სამხარაძემ.
„ჰერეთის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც სასამართლო სარეზოლუციო ნაწილს გადასცემს, სააპელაციოს მიმართავს. კანონის თანახმად, რეზოლუცია „ჰერეთს“ 14 დღეში უნდა ჩაბარდეს.
„აუცილებლად გავასაჩივრებთ და ვიბრძოლებთ ჩვენი კანონიერი უფლებების დასაცავად. ძალიან გვაინტერესებს, რა არგუმენტაციას მოუძებნის სასამართლო ამ ხნის განმავლობაში გამოვლენილ უკანონობებს“-განაცხადა სამხარაძემ.
