თურქეთში მომხდარ ძარცვაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ადვოკატმა შიმშილობა დაიწყო
თურქეთში მომხდარ ძარცვაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ადვოკატმა შიმშილობა დაიწყო
20:04 30.08.2012
თურქეთის ქალაქ ორდუში მომხდარ ძარცვაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილის მერაბ ლაშქარეიშვლის ადვოკატმა ზურაბ როსტიაშვილმა შიმშილობა დაიწყო.

როგორც როსტიაშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, შიმშილობით სასამართლოს მიკერძოებულობას აპროტესტებს და მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვეტს, თუკი სასამართლო პროცესები ობიექტურად წარიმართება.

„დავიწყე ხანგრძლივვადიანი შიმშილობა, თუმცა, რამდენ ხანს გავძლებ უფალმა იცის. ამის შესახებ სასამართლოში ოფიციალურად, წერილობით განვაცხადე. მოვითხოვ აღსრულდეს სამართალი“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ როსტიაშვილმა.

მისი თქმით, საქალაქო სასამართლოში მან დღეს გამართულ სხდომაზე მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა, ვინაიდან მას ტენდენციურობა შეატყო, თუმცა, იგი არ დაკმაყოფილდა.

მისივე ცნობით, პროცესზე ორი მოწმე დაიკითხა, რითაც ადვოკატის თქმით, აშკარად გამოიკვეთა, რომ აღნიშნულ საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ პირს ვახტანგ ფურცელაძეს ნარკოტიკი საერთოდ არ ჰქონია და მისი განზრახ ჩადება მოხდა.

ადვოკატი ასევე მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მერაბ ლაშქარეიშვილის წინააღმდეგ სასამართლოს არავითარი მტკიცებულებები არ გააჩნია, გარდა ბრალდებულ ვახტან ირემაძის ჩვენებისა. ადვოკატი ფიქრობს, რომ ბრალდების მხარე მას გათავისუფლებას დაპირდა სხვა ბრალდებულთა წინააღმდეგ ჩვენების სანაცვლოდ.

„ირემაძის ჩვენება მიღებულია ვაჭრობის შედეგად. მას ისე დეტალურად აქვს ჩვენება მიცემული, ეტყობა რომ დააწერინეს. თუმცა, არ ვიცი როგორ გაუძლებს ჩვენს კრიტიკულ დაკითხვას“ - აღნიშნა როსტიაშვილმა.

შსს-ს ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ექვსმა მოქალაქემ თურქეთის ქალაქ ორდუში საიუველირო მაღაზია 5 მარტს გაძარცვა. მათ სავაჭრო ცენტრში 8 მეტრის სიგრძის გვირაბით შეაღწიეს. მოპარული ნივთების საქართველოს ტერიტორიაზე გადმოტანის შემდეგ, ისინი სამართალდამცავებმა დააკავეს.

აღნიშნულ საქმეზე დაკავებულია სამი პიროვნება - ვახტანგ ირემაძე, ვახტანგ ფურცელაძე და მერაბ ლაშქარეიშვლი, ხოლო დანარჩენი სამის მიმართ პროცესი დაუსწრებლად მიმდინარეობს.

საქალაქო სასამართლოში სხდომა 6 სექტემბერს, მტკიცებულებათა წარდეგნითა და მოწმეთა დაკითხვით 13:00 საათზე განახლდება.

ბეჭდვა