სუბარი ზურაბ ოტიაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს
სუბარი ზურაბ ოტიაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს
11:39 30.08.2012
კოალიცია “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა საქართველოს მთავარ პროკურატურაში დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის თაობაზე განცხადება შეიტანა.

სუბარის ცნობით, ზურაბ ოტიაშვილმა 25 აგვისტოს ვაჟაობის დღესასწაულზე ერთ-ერთ ამომრჩეველს საჩუქრად 500 ლარი გადასცა. მისი თქმით ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა, ხოლო პროკურატურამ ამასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს.

„აღნიშნული ფაქტი გაშუქდა მედია საშუალებებით და ის მოწმეთა ჩვენებებითაც დასტურდება. ანალოგიისთვის მაგალითს მოვიყვან - მიხეილ მესხმა , მიხეილ ამაშუკელმა და ჩხენკელმა მოქალაქეებს არასწორად მიუთითეს თუ როგორ უნდა შეევსოთ ბუკლეტები კონკრეტული მატერიალური შემოწირულობის მიღების მიზნით და მათ ეს ამომრჩევლის მოსყიდვაში ჩაუთვალეს. მოვითხოვთ კანონის თანაბარ მიდგომას ყველა სუბიექტისადმი“ -განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარი პროკურატურისგან მოითხოვს ასევე, ეცნობოს „ქართულ ოცნებას“ დაწყებულია თუ არა გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამავე საკითხზე განცხადებით უწყებათაშორის კომისიასა და ცესკოსაც მიმართავენ.

ბეჭდვა