ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაცია გრძელდება
ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაცია გრძელდება
10:26 30.08.2012
საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე, ლოპოტას ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

ქართული ტელეკომპანიების ცნობით, დივერსანტთა ჯგუფის 6 წევრი ქართულ ძალებს კვლავ ალყაში ყავთ მოქცეული.

ხეობა ამ დრომდე ძალოვნების მიერაა ბლოკირებული.

აღსანიშნავია, რომ სპეცოპერაციის მიმდინარეობის შესახებ კომენტარს არც შინაგან საქმეთა სამინისტროში, არც თავდაცვის უწყებაში და არც კახეთის რეგიონის თვითმმართველობის ორგანოებში არ აკეთებენ.

დივერსანტების აყვანის ოპერაცია წუხელ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული დივერსანტები გადმოვიდნენ, რომლებმაც მძევალთა 3 ჯგუფი აიყვანეს. ქართველმა სამართალდამცავებმა სპეცოპერაციის შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გაათავისუფლეს. მოკლულია 11 დივერსანტი, 6-ის დევნა კი ამ დრომდე გრძელდება.

სპეცოპერაციას შსს-ს 2 თანამშრომელი - სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი, ასევე თავდაცვის უწყების სამხედრო ექიმი - ვლადიმერ ხვედელიძე ემსხვერპლა.

სპეცრაზმის დაჭრილი 5 წევრი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს.


ბეჭდვა