ლოპოტას ხეობაში შეიარაღებული დივერსიული დაჯგუფების წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად დამატებით დაჭრილები და დაღუპულები არ არიან.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ შს მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სპეცოპერაცია ამ დრომდე გრძელდება და მსხვერპლისა და დაჭრილების შესახებ გავრცელებული ბოლო ოფიციალური ინფორმაციის შემდეგ არავინ დაჭრილა და დაღუპულა.
სპეცოპერაციის შესახებ სხვა დეტალები ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან არ ვრცელდება.
ქართველი ძალოვანების მიერ ლიკვიდირებულია დივერსიული ჯგუფის 11 წევრი, 6 ალყაშია მოქცეული.
სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი - სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე.
დაჭრილი 5 ჯარისკაცი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულაბაში გადიან მკურნალობას.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია . ერთ-ერთ მათგანს თბილისში ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ქვედა კიდურზე ოპერაცია გაუკეთდა.
დაჭრილების ვინაობა არ სახელდება.
