ლოპოტას ხეობაში მყოფი შეიარაღებული ჯგუფი, რომლის დევნის სპეცოპერაციას საქართველოს შსს და თავდაცის სამინისტროები ახორციელებენ,
დაღესტნიდან გადავიდა საქართველოს ტერიტორიაზე და ის ცუნტინსკის ბანდდაჯგუფებაში შედის - ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ დაღესტნის სამართალდამცავ ორგანოებში ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
„ეს არის ცუნტინსკის ბანდიტური დაჯგუფება. თუ დაბრუნებას გადაწყვეტენ, ჩვენ მათ „დავხვდებით“ - განაცხადა სააგენტოს რესპოდენტმა.
ცუნტინსკის რაიონი დაღესტნის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და ის უშუალოდ საქართველოს ესაზღვრება. რაიონი ძირითადად დიდოელებით არის დასახლებული.
ამასთანავე სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის ძალოვან სტრუქტურებზე დაყრდნობით იუწყება, რომ არც რუსული და არც ქართული მხრიდან სახელმწიფო საზღვრის დარღვევის არანაირი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრთან, ლოპოტას ხეობაში ამ დრომდე დაღესტნის ტერიტორიიდან გადმოსული დივერსიული ჯგუფის დარჩენილი 6 წევრის დევნა გრძელდება.
არაოფიციალური ინფორმაციით, ადგილზე დამატებითი სამხედრო ძალები შეჰყავთ.
შსს-ს მონაცემებით, სპეცოპერაციის შედეგად მოხერხდა სოფელ ლაფანყურში დივერსანტების მიერ მძევლად აყვანილი პირების გათავისუფლება.
ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია მძევალთა რაოდენობისა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ქართველი ძალოვანების მიერ ლიკვიდირებულია დივერსიული ჯგუფის 11 წევრი.
