ლოპოტას ხეობაში დაღესტნის ტერიტორიიდან გადმოსული დივერსანტების წინააღმდეგ სპეცოპერაციის მიმდინარეობისას დაჭრილ სპეცრაზმის
თანამშრომელს ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ქვედა კიდურზე ოპერაცია ჩაუტარდა. მის სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ჟურნალისტებს ცენტრში მისულმა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა, მას ჭრილობა წვივის არეში აქვს მიყენებული.
მისი თქმით, სპეცოპერაციის დროს დაიჭრა სპეცრაზმის კიდევ 4 თანამშრომელი და ისინი სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებული.
ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაჭრილების ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება.
შსს-მ დაასახელა საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპული სამი მოქალაქის ვინაობა.
გარდაცვლილები არიან - თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე და შსს-ს თანამშრომლები - სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი.
შსს-მ ლაფანყურში მძევალთა გათავისუფლების სპეცოპერაცია დაასრულა, თუმცა დივერსანტთა დევნის ოპერაცია კვლავ გრძელდება.
