რუსეთ-საქართველოს საზღვართან მიმდინარე ოპერაციის დროს დაღუპული სამივე მოქალაქის ვინაობა ცნობილია
რუსეთ-საქართველოს საზღვართან მიმდინარე ოპერაციის დროს დაღუპული სამივე მოქალაქის ვინაობა ცნობილია
17:35 29.08.2012
საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაღუპული სამივე მოქალაქის ვინაობა ცნობილია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გარდაცვლილები არიან შსს-ს თანამშრომლები - სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი.

განცხადების თანახმად, ასევე, გარდაიცვალა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას და სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს“ - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-მ ლაფანყურში მძევალთა გათავისუფლების სპეცოპერაცია დაასრულა. დივერსანტთა ჯგუფის დევნის ოპერაცია კი, გრძელდება.

ლაფანყურის ტყეში მიმდინარე სპეცოპერაციის შედეგად დივერსანტთა ჯგუფის 11 წევრია ლიკვიდირებული. დევნის ოპერაციის განხორციელების დროს სპეცდანიშნულების რაზმის 3 თანამშრომელი დაიღუპა და 5 დაიჭრა.


საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, შეიარაღებული ჯგუფის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია შსს-მ დღეს გაავრცელა.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, დაღესტნიდან დივერსანტთა ჯგუფი გადმოვიდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 5 პირის გარდა, მძევალთა კიდევ ორი ჯგუფი აიყვანა. მათ გასათავისუფლებლად ოპერაცია წუხელ ღამის განმავლობაშიც მიმდინარეობდა.

ბეჭდვა