შსს-მ გათავისუფლებული მძევლების ჩვენებები გაავრცელა
შსს-მ გათავისუფლებული მძევლების ჩვენებები გაავრცელა
15:25 29.08.2012
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გათავისუფლებული მძევლების ჩვენებების ამსახველი ვიდეო-მასალა გაავრცელა.

მასალაში ორი ახალგაზრდა აცხადებს, რომ ისინი ტყეში მეგობრებთან ერთად „დროის გასატარებლად წავიდნენ“, უკან მომავალთ კი, შეიარაღებული პირები დახვდნენ, რომელთაც ისინი მძევლად აიყვანეს.

ახალგაზრდები ყვებიან, რომ თავდამსხმელები გაქცევის შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდნენ.

გათავისუფლებული მძევლების თქმით, დივერსანტთა ჯგუფი 15-მდე ადამიანისგან შედგებოდა, რომლებიც ავტომატებითა და ე.წ. „მუხებით“ იყვნენ შეიარაღებულები.

საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს ტერიტორიაზე, შეიარაღებული ჯგუფის აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია შსს-მ დღეს გაავრცელა.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარუდოდ, დაღესტნიდან დივერსანტთა ჯგუფი გადმოვიდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული 5 პირის გარდა, მძევალთა კიდევ ორი ჯგუფი აიყვანა. მათ გასათავისუფლებლად ინტენსიური სროლა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

შინაგან საქმეთა ძალების მიერ კიდევ ერთი ჯგუფის გათავისუფლება გახდა შესაძლებელი. სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს და მისი მიზანი მძევალთა მე-3 ჯგუფის გათავისუფლებაა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოპერაციის დროს ერთ-ერთი დივერსანტი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. სპეცოპერაციის დროს დაჭრილი რამდენიმე ადამიანი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები გორის სამხედრო ჰოსპიტალშიც არიან მოთავსებულები და მათგან ერთი სამხედრო ექიმი დაიღუპა, თუმცა, ამის შესახებ ოფიციალური უწყებები კომენტარს არ აკეთებენ.

ბეჭდვა