არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ დუშეთში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზურაბ ოტიაშვილის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტის გამოძიებას მოითხოვს.
როგორც „ნიუსპრესს“ „სამართლიანი არჩევნებიდან“ აცნობეს, 27 აგვისტოს „მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დუშეთის საარჩევნო ოლქში ზურაბ ოტიაშვილმა ჩარგალში, 25 აგვისტოს „ვაჟაობაზე“ ერთ-ერთ ამომრჩეველს 500 ლარი გადასცა.
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტს თავად ზურაბ ოტიაშვილი, თანხის მიმღები მოქალაქე და რამდენიმე თვითმხილველი ადასტურებს.
„მსგავსი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს - „ამომრჩევლის მოსყიდვას“ წარმოადგენს“ - აცხადებენ „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები.
მათი განცხადებით, სამართალდამცავმა ორგანოებმა, აღნიშნულ ფაქტში დანაშაულის ნიშნების შესწავლის მიზნით გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ.
