უფლებადაცვითი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები” უარყოფით შეფასებას აძლევს იმ ფაქტს, რომ დღეს მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეწყალების აქტი არც ერთ არასრულწლოვანს არ შეეხო.
როგორც ორგანიზაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფომ არ ისარგებლა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიმართ აღიარებული განსაკუთრებული მიდგომით, რაც მათ რეაბილიტაციას და რესოციალიზაციას ისახავს მიზნად.
„სახელმწიფომ შეწყალების პროცესში არ იხელმძღვანელა ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასჯელაღსრულების სისტემა აგრძელებს მკაცრ სისხლის სამართლებრივ პოლიტიკას და „ნულოვანი ტოლერანტობა“ ისევ რჩება პრიორიტეტულ მიმართულებად“-აღნიშნავს ორგანიზაცია.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ აცხადებენ, რომ შეწყალების კომისია 9 არასრულწლოვანის საქმეს განიხილავდა, თუმცა, დადებითი რეკომენდაცია მხოლოდ ერთ არასრულწლოვანზე გაიცა.
„დღემდე უცნობია ზუსტი მონაცემი, თუ რამდენი არასრულწლოვანი იხდის სასჯელს ქართულ ციხეში. ბოლო 2010 წლის სტატისტიკით, მსჯავრი 834 მოზარდს დაედო, მათ შორის 29 გოგონას“-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ ხელისუფლებას იმ ფაქტის გამოც აკრიტიკებენ, რომ შეწყალება მნიშვნელოვნად არც მსჯავრდებულ ქალებს შეხებია. ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, შეწყალებულთა რიცხვში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული არც ერთი მსჯავრდებული და პროფესიული საქმიანობის დროს უკანონოდ დაპატიმრებულ ადვოკატი არ არის.
მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა 168 პატიმარი შეიწყალა. შეწყალებულთა შორის რამდენიმე ქალია.
შეწყალებული მსჯავრდებულების გათავისუფლების პროცესი დღეს მთელი დღის განმავლობაში, ეტაპობრივად ხორციელდება.
შეწყალების სახელმწიფო კომისიის სხდომა 23 აგვისტოს გაიმართა. კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 100-ზე მეტ პატიმარზე გასცა. მათ შორის, 14 ქალი და ერთი არასრულწლოვანი იყო.
