ტყეში დაკარგული ახალგაზრდები სახლში უვნებლები დაბრუნდნენ
ტყეში დაკარგული ახალგაზრდები სახლში უვნებლები დაბრუნდნენ
14:35 28.08.2012
ხუთივე ახალგაზრდა, რომლებსაც თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურის ტყეში სამი დღე ეძებდნენ, უვნებელია და ისინი სახლებს უკვე დაუბრუნდნენ.  

როგორც „ნიუსპრესს“ თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ვასილ დავითაშვილმა განუცხადა, ისინი გატაცებული არ ყოფილან და აღმოჩნდა, რომ ტყეში გზა აებნათ.

მისი თქმით, ხუთივე აბსოლუტურად ჯანმრთელია და მათ არანაირი დაზიანება არ აქვთ.

25 წლამდე ასაკის ხუთი მამაკაცი თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურიდან 4 კილომეტრის მოშორებით, დასასვენებლად ტყეში იყო წასული. თუმცა, მათი კვალი 26 აგვისტოს დღის 16:00 საათიდან გაქრა.

სოფელ ლაფანყურის ტყე დაღესტანს ესაზღვრება.

ადგილობრივები მათი გატაცების შესახებ გამოთქვამდნენ ეჭვს, რადგან 26 აგვისტოს მათ სოფელში სამხედრო ფორმაში ჩაცმული უცხო პირები შენიშნეს, რომლებიც ავტომობილების გამოჩენის შემდეგ დაიმალნენ.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ბეჭდვა