„უფლებადამცველთა გაერთიანება“ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გაუქმებას მოითხოვს
„უფლებადამცველთა გაერთიანება“ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გაუქმებას მოითხოვს
14:23 28.08.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველთა გაერთიანება“ საპროცესო შეთნხმების ინსტიტუტის გაუქმებას ითხოვს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი, რომელიც 2003 წლიდან დაინერგა, მოქალაქეთა ღირსების შელახვას ემსახურება.

მისი თქმით, საპროცესო შეთანხმება ბევრ ქვეყანაში მოქმედებს, მაგრამ საქართველოს კანონმდებლობით გასაზღვრული არ არის, რომელი კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაშია შესაძლებელი ბრალდებულთან საპროცესო შეათანხმების დადება.

მჟავანაძის განმარტებით, შესაბამისად, საპროცესო შეთანხმების დადება შესაძლებელია ყველა კატეგორიის დანაშაულზე. ამასთან, იგი ეწინააღმდეგება ისეთ ძირითად პრინციპებს, როგორიცაა - თანასწორობა სასამართლოსა და კანონის წინაშე, უდანაშაულობის პრეზუმფცია, საჯაროობის პრინციპი, ასევე, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული შესწავლა.

„უფლებადამცველთა გაერთიანება“ მოითხოვს, გაუქმდეს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი, რადგან ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ამ ინსტიტუტმა საქართველოში სახელმწიფო რეკეტი დაამკვიდრა და იგი ბიუჯეტის შევსების წყაროდ იქცა.

„უფლებადამცველთა გაერთიანება“ ასევე, მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე პარტიებს აღნიშნული საკითხი წინასაარჩევნო პროგრამებში შეიტანონ. იმ პირებს კი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ მათ მიმართ საპროცესო შეთანხმებები ძალადობით გაფორმდა, საშუალება მიეცეთ საქმეები გადაიხედოს.

„უფლებადამცველთა გაერთიანება“ მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთნხმების ინსტიტუტის გაუქმება ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს აღსადგენად აუცილებელი ნაბიჯია.

ბეჭდვა