"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო" ხაშურის მკვიდრის, სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ობიექტური გამოძიების ჩატარებას და
მკვლელობაში დამნაშავე პირების დასჯას ითხოვს.
"დემოკრატიული მოძრაობის" განცხადებით, ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტზე პოლიციის იმ თანამშრომლების ბრალეულობა აშკარად იკვეთება, რომლებიც კანონით არიან ვალდებულები, დაკავებული პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება უზრუნველყონ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, "დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ქართულ უფლებადამცველ ორგანიზაციებს თხოვნით მიმართავენ.
"მივმართავთ საერთაშორისო და უფლებადაცვით ორგანიზაციებს, განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანონ აღნიშნული საქმე და მოახდინონ ზეწოლა საქართველოს ხლისუფლებაზე, რათა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და დაისაჯოს სოლომონ ქიმერიძის მკვლელობაში დამნაშავე ყველა პირი", - აცხადებენ "დემოკრატიულ მოძრაობაში".
გარდაცვალებამდე სოლომონ ქიმერიძე ხაშურის რაიონულ პოლიციაში ბრალდებულის სახით იკითხებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქიმერიძე ხაშურის რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულიდან მეორე სართულზე კიბეებზე ჩამოსვლისას, კიბის მოაჯირიდან გადავარდა და სიცოცხესთან შეუთავსებელი ტამვების გამო გარდაიცვალა.
