ქლორის გაჟონვის ფაქტზე ერთ-ერთი დაკავებულის სასამართლო სხდომა 10 სექტემბერს გაიმართება
ქლორის გაჟონვის ფაქტზე ერთ-ერთი დაკავებულის სასამართლო სხდომა 10 სექტემბერს გაიმართება
14:31 27.08.2012
თბილისის საქალაქო სასამართლოში ქლორის გაჟონვის ფაქტზე დაკავებული ლევან დაუთაშვილის სასამართლო სხდომა გაიმართა.

სხდომას ბრალდებულები - შპს „კრისტალის“ ხელმძღვანელი ლევან დაუთაშვილი და შპს „სენტიმენტალ ჯიემჯის“ წარმომადგენელი გოჩა ყულეჭიშვილი ესწრებოდნენ. ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებები წარადგინეს.

ადვოკატების განცხადებით, ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ. აქედან გამომდინარე, ადვოკატებმა დღევანდელ სხდომაზე მოსამართლეს ორივე პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შეწყვეტის შუამდგომლობით მიმართეს, თუმცა, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ორივე ბრალდებულის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 288-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღევანდელ პროცესზე საქმის არსებითი განხილვის თარიღად 10 სექტემბერი დასახელდა.

3 ივლისს, ლილოს დასახლებაში, ერთ-ერთი კერძო კომპანიის კუთვნილი ავზიდან ქლორმა გაჟონა. შემთხვევის შედეგად, მოიწამლა 80-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, ორი ფეხმძიმე და რამდენიმე ბავშვი. შემთხვევას 18 წლის ლაშა ნარიმანიძის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინციდენტის შედეგად, „კრისტალის“ ხელმძღვანელი ლევან დაუთაშვილი და შპს „სენტიმენტალ ჯიემჯი“-ის წარმომადგენელი გოჩა ყულეჭიშვილი დააკავეს. მათ ბრალი გარემოსთვის საშიში ნივთიერებისადმი წესის დარვევით მოპყრობასა და ადამიანის სიცოცხლის მოსპობაში ედებათ.

ბეჭდვა