სამართალდამცავებმა „ევროპული საქართველოს“ ორი წევრი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, მათ ჩამოართვეს აქციის ჩატარებისთვის საჭირო ნივთები და ასევე შეშაც, რომლითაც აქციის მონაწილეები გათბობას გეგმავდნენ.
დაკავებულია აქციის ორი მონაწილე: ბესო შავაძე „ევროპული საქართველოს“ მძღოლი და კობა ზაქარეიშვილი იმავე პარტიის რეგიონალური სამსახურის უფროსი. ისინი რუსთაველის მიმართულებით ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც პოლიციამ დააკავა, ავტომობილი კი საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიტანა.
დაკავებული პირები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში იმყოფებიან. პოლიცია მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციელის მოწოდების დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების თქმით, შსს ყველანაირად ცდილობს დღეს, 19:00 საათზე დაგეგმილი აქცია ჩაშალოს.
„საპატრულო პოლიციის ოთხმა ეკიპაჟმა ჩვენს თანამშრომლებს მანქანა გადააყენებინა, რის შემდეგაც აღარც მანქანა გვინახავს, აღარც ჩვენი თანამშრომლები. ასევე ვერ ხერხდება სატელეფონო კონტაქტი. შსს - სგან მსგავსი ქმედება ნამდვილად ძალიან სასაცილოა“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა მთავარ არხთან საუბრისას.
