საია და „სამართლიანი არჩევნები“ „ქართული ოცნების“ დღევანდელ აქციას დააკვირდებიან
საია და „სამართლიანი არჩევნები“ „ქართული ოცნების“ დღევანდელ აქციას დააკვირდებიან
11:36 27.08.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დღეს ამბროლაურში დაგეგმილი აქციის მიმდინარეობას დააკვირდებიან.

როგორც „ნიუსპრესს“ საია-დან აცნობეს, დაკვირვებას ორგანიზაციები წინასაარჩევნო გარემოს გრძელვადიანი მონიტორინგის ფარგლებში ახორციელებენ.

საია-ს ინფორმაციით, აქციებზე დაკვირვება პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული საჯარო შეხვედრების მიმდინარეობის, შეკრებებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელების მონიტორინგს გულისხმობს.

„ორგანიზაციის დამკვირვებლები მონიტორინგს გაუწევენ ამბროლაურში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც დღეს დაგეგმილი აქციის ორგანიზებას და აქციაში მონაწილე მოქალაქეების მობილიზება-გადაადგილებას უკავშირდება“ - აცხადებენ საია-ს წარმომადგენლები.

საია-სა და „სამართლიან არჩევნებში“ იმედოვნებენ, რომ აქცია მშვიდობიან გარემოში ჩატარდება და სახელმწიფო ორგანოები „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ კანონმდებლობით დადგენილ გარანტიებს უზრუნველყოფენ.

„ქართული ოცნების“ აქცია დღეს, ამბროლაურში ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე 18:00 საათზეა დაგეგმილი.

ბეჭდვა