შვიდი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ხატია დეკანოიძეს ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღის“
დირექტორის მოადგილის თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლების ფაქტზე რეაგირებას სთხოვს.
როგორც „ნიუსპრესს“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებიდან“ აცნობეს, ორგანიზაციების სპეციალური განცხადება დღესვე „ახალი ტალღის“ დირექტორს დავით მჭედლიშვილს გაეგზავნა. განცხადებაში უფლებადამცველები მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოს და დისკრიმინაციულს უწოდებენ.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, დირექტორის მხრიდან არასაიმედოობის გამო მოადგილის თამარ კაიკაციშვილის გათავისუფლება პოლიტიკური კონტექსტით იყო მოტივირებული.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს პირველი განმხილველი სხდომა სექტემბერშია ჩანიშნული, სადაც დავის საგანს დირექტორის მიერ მიღებული ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა და პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა წარმოადგენს.
სასამართლოს მიერ მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებას და წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დასაქმებულის დაცვის პრეცედენტის შექმნას მოითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები - „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი,“ „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“, „უფლებადამცველთა გაერთიანება“, „სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებებისათვის“ და „ახალგაზრდა ადვოკატები“.
თამარ კაიკაციშვილი 2012 წლის 19 ივნისს კოლეჯის დირექტორმა სასწავლო პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო გაათავისუფლა.
