სახელმწიფო აუდიტის სამსახური თინა ხიდაშელის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით დაინტერესდა
სახელმწიფო აუდიტის სამსახური თინა ხიდაშელის მიერ განხორციელებული შემოწირულობებით დაინტერესდა
17:26 24.08.2012
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს თინა ხიდაშელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში  დაახლოებით ერთ საათს კითხავდნენ. დაკითხვაზე ხიდაშელის ინტერესებს ადვოკატი შალვა თადუმაძე იცავდა.

ხიდაშელი პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ და მისმა მოადგილემ მოწმის სტატუსით დაკითხეს.

აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების შეკითხვა 2 შემოწირულობას შეეხო, რომელიც ხიდაშელმა „რესპუბლიკური პარტიის“, "თავისუფალი დემოკრატებისა" და „კონსერვატიული პარტიის“ მიმართ განახორციელა.

აუდიტის სამსახური დაინტერესდა, თუ საიდან აქვს ხიდაშელს ფინანსური
შემოსავალი და როგორ შეძლო მან დიდი ოდენობით ფინანსური დახმარების გაწევა „რესპუბლიკური პარტიისთვის“.

მეორე საკითხი, რომლითაც აუდიტის სამსახური დაინტერესდა, "თავისუფალი დემოკრატებისა" და კონსერვატიული პარტიისთვის გაღებულ არამატერიალურ შემოწირულობას ეხებოდა.

როგორც დაკითხვაზე ხიდაშელმა განაცხადა, ვინაიდან კოალიციაში შემავალი პარტიების საბანკო ანგარიშებს ინკასო ედო, მან გამოისყიდა ვალდებულება და აღნიშნულ ორ პოლიტიკურ სუბიექტს მომსახურების სახით შესწირა, რათა მათ „კარდაკარის“ პროგრამის მონაწილეების და სხვა საჭიროების შემთხვევაში, ფინანსური უზრუნველყოფის საშუალება ჰქონოდათ.

ბეჭდვა