საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების
სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები.
წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
