თბილისის მერიის ააიპ-ში "ჩემი ადვოკატი" 2019 წლის იანვარი-სექტემბრის პერიოდში,
სამართლებრივი დახმარებისათვის 14 000 მიმართვა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 10%-ით აღემატება.
თბილისის მერიის ინფორმაციით საანგარიშო პერიოდში რაიონული გამგეობების ოფისების მიხედვით, ყველაზე მეტი მომართვიანობა ისნის რაიონში - 2213, სამგორში - 1921, გლდანში -1682 და ნაძალადევში-1642 დაფიქსირდა.
გაწეული კონსულტაციების თემატიკის მიხედვით, მოქალაქეთა ყველაზე მეტი მომართვა სოციალურ საკითხებზე, უძრავი ქონების, სასარჩელო და სახელშეკრულებო დავებზე მოდის.
რაც შეეხება ორგანიზაციის დისტანციურ კონსულტაციას, 2019 წლის პირველ 9 თვეში ცხელ ხაზზე მომართვიანობამ 7515 შეადგინა.
ამავე საანგარიშო პერიოდში, ორგანიზაციაში პრაქტიკული საგანმათლებლო კურსი 213 სტუდენტმა გაიარა. ორგანიზაცია ორიენტირებულია სტუდენტების პროფესიაში მაქსიმალურ ინტეგრაციაზე.
"ჩემი ადვოკატი" თბილისის მოსახლეობას უსასყიდლოდ ეხმარება სამართლებრივი საკითხების გადაჭრაში. ორგანიზაცია სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით მუშაობს და მოქალაქეებს დახმარებას უწევს, როგორც სასამართლო დოკუმენტაციის შედგენაში, ისე სასამართლო და ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლობაში.
