სტუდია GNS-ის ჟურნალისტისა და ოპერატორის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე „სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანების“ მუხლით
აღძრა და დაზარალებულები უკვე დაკითხა.
როგორც „ნიუსპრესს“ GNS-ის „კვირის რეპორტაჟის“ პროდიუსერმა ნინო ჯაფარიძემ განუცხადა, შსს მომხდარის სურათის შეცვლას ცდილობს და საქმის აღძვრას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლით არ აპირებს.
ამასთან, მისივე თქმით, სამართალდამცავები არ ამახვილებენ ყურადღებას GNS-ის აპარატურის დაზიანებაზე.
პროდიუსერი მომხდართან დაკავშირებით შსს-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებასაც არ ეთანხმება. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცავებს ახმეტის რაიონის მაცხოვრებლებმა - ყაჩმაზაშვილმა და ჭიჭიაშვილმა განცხადებით მიმართეს, რომ სტუდია GNS-ის ოპერატორი ბაჩანა ბულისკერია და ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი მათ კუთვნილ ტერიტორიაზე უნებართვოდ შეიჭრნენ.
ჯაფარიძის განმარტებით, აღნიშნული სინამდვილეს არ შეესაბამება და კერძო საკუთრებაში შეჭრის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
„ინციდენტიდან რამდენიმე ხნის შემდეგ ადგილზე მივიდა ჩვენი მეორე გამდაღები ჯგუფი და დააფიქსირა, რომ დაზიანებული კამერის ნამსხვრევები ეზოს გარეთ, ჭიშკრიდან 3-4 მეტრის მოშორებით ეყარა. ჩვენ ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეო-მასალაც გვაქვს“ - აღნიშნა ჯაფარიძემ.
ინციდენტი ახმეტაში გუშინ, დაახლოებით 21:30 საათზე, ხე-ტყის გადამამუშავებელ ერთ-ერთ საწარმოსთან მოხდა. GNS-ის გადამღები ჯგუფი იღებდა მასალას რეპორტაჟისთვის, რომელიც ხე-ტყის უკანონო ჭრა-დამზადების ფაქტებს ეხებოდა.
როგორც ჯაფარიძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, მათი ინფორმაციით, აღნიშნულ ბიზნესს შსს-ს მაღალჩინოსნები ლობირებენ.
გადაღებმა ჯგუფმა ორი კუსტარული საწარმოს გადაღება მოახერხა, მესამეს მფლობელები კი - ძმები ჭიჭიაშვილები და ადგილზე მყოფი რამდენიმე პირი ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზარალებულებს პირველადი დახმარება ახმეტის საავადმყოფოში გაუწიეს.
დაზიანებულია GNS-ის კუთვნილი აპარატურაც, თუმცა, დაზარალებულებმა გადაღებული მასალის გადარჩენა შეძლეს.
