შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 100-ზე მეტ პატიმარს მისცა
შეწყალების კომისიამ დადებითი რეკომენდაცია 100-ზე მეტ პატიმარს მისცა
17:49 23.08.2012
შეწყალების სახელმწიფო კომისიამ დღეს დადებითი რეკომენდაცია 100-ზე მეტ პატიმარზე გასცა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე კომისიამ სულ 206 პატიმრის საქმე განიხილა. აქედან, ნახევარზე მეტმა სასჯელის სრულად მოხსნის რეკომენდაცია მიიღო.

თევდორაძის თქმით, დადებითი რეკომენდაცია 14 ქალზე და ერთ არასრულწლოვანზე გაიცა.

„მხოლოდ ერთ არასრულწლოვანს ჰქონდა დადებითი რეკომენდაცია. ამავე დროს, მას სასჯელის ნახევარი ჰქონდა მოხდილი. დანარჩენ 8-ს კი, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უარყოფითი რეკომენდაციები ჰქონდათ, რის გამოც მათ უარი ეთქვათ“ - განაცხადა თევდორაძემ.

როგორც სხდომის შემდეგ სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, 15 შემთხვევაში კომისიამ პატიმრებს სასჯელის განახევრების რეკომენდაცია მისცა.

შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე დატოვებენ.



ბეჭდვა