GNS-ის გადამღები ჯგუფისა და ახმეტის რაიონის მაცხოვრებლების დაპირისპირების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
GNS-ის გადამღები ჯგუფისა და ახმეტის რაიონის მაცხოვრებლების დაპირისპირების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
12:08 23.08.2012
სტუდია GNS-ის გადამღებ ჯგუფსა და ახმეტის რაიონის მაცხოვრებლების - ზაურ ყაჩმაზაშვილისა და ოსიკო ჭიჭიაშვილის დაპირისპირების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ამის შესახებ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, 22 აგვისტოს 21:30 საათზე ახმეტის პოლიციის რაიონულ სამმართველოში რაიონის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება ორი პირის - ბაჩანა ბულისკერიას და ვასილ დაბრუნდაშვილის ფიზიკური დაზიანების შესახებ.

ამავდროულად, პოლიციას საჩივრით ახმეტის რაიონის მაცხოვრებლებმა ზაურ ყაჩმაზაშვილმა და ოსიკო ჭიჭიაშვილმა მიმართეს.

ყაჩმაზაშვილის და ჭიჭიაშვილის განცხადებით, სტუდია GNS-ის ოპერატორი ბაჩანა ბულისკერია და ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი მათ კუთვნილ ტერიტორიაზე უნებართვოდ შეიჭრნენ.

„თხოვნის მიუხედავად მათ ტერიტორია არ დატოვეს, რასაც შელაპარაკება და ჩხუბი მოყვა. სამედიცინო დათვალიერების შემდეგ, პოლიციას ასევე მიმართა სტუდია GNS -ის გადამღებმა ჯგუფმა და მათ განაცხადეს, რომ ფიზიკური დაზიანებები ზაურ ყაჩმაზაშვილმა და ოსიკო ჭიჭიაშილმა მიაყენეს. GNS-ის გადამღებ ჯგუფსა და ყაჩმაზაშვილი-ჭიჭიაშვილის დაპირისპირების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე“- ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები საზოგადოებას დამატებით ეცნობება.

ინციდენტი გუშინ ახმეტაში მას შემდეგ მოხდა, რაც GNS-ის ჯგუფი ხე-ტყის დამამზადებელ კუსტარული საწარმოს გადასაღებად ეწვია. GNS-ის ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და დამზადების ბიზნესს შსს-ს მაღალჩინოსნები ლობირებენ.

როგორც GNS-ში „ნიუსპრესს“ განუცხადეს, საწარმოს მეპატრონეებმა და ადგილზე მყოფმა პირებმა ჟურნალისტსა და ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათ პირველადი სამედიცინო დახმარება ახმეტის საავადმყოფოში აღმოუჩინეს.

ბეჭდვა