კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს დაკისრებული ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდის ვადა უკვე ამოეწურა.
როგორც „ნიუსპრესს“ აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში განუცხადეს, სავარაუდოდ, ივანიშვილის მიმართ სააღსრულებო პროცედურები დღეიდან დაიწყება.
„ივანიშვილის მიმართ იძულებითი აღსრულების პროცედურები დღეიდან დაიწყება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონკრეტული ქმედებები დღესვე განხორციელდება. ეს სამუშაო პროცესია, თავდაპირველად უნდა მოხდეს ქონების მოძიება და შეფასება. ამის შემდეგ გადაწყდება, თუ რა მეთოდი იქნება გამოყენებული მის მიმართ“- განუცხადეს „ნიუსპრესს“ აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში.
სასამართლომ ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე, 20 243 827 ლარით დააჯარიმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პირადი ანგარიშიდან ბიძინა ივანიშვილმა 5 552 135 ლარი გაანაღდა, რომლის შემდგომი მიმოქცევა არ ფიქსირდება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიიჩნიეს, რომ აღნიშნულ თანხას ივანიშვილი კანონის გვერდის ავლით ფიზიკურ პირებზე ანაწილებდა, რომლებიც შემდგომ თანხას შემოწირულობის სახით „ქართული ოცნების“ ანგარიშზე რიცხავდნენ.
