„ქართული ოცნების“ სუბიექტებისთვის დაკისრებული ჯარიმის ამოღება გადაიდო
„ქართული ოცნების“ სუბიექტებისთვის დაკისრებული ჯარიმის ამოღება გადაიდო
10:21 23.08.2012
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების წინააღმდეგ ჯარიმის შემდგომი აღსრულება, უწყებათაშორისი სახელმწიფო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გადადო.

ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს 27 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულებაზე, რომელიც შეეხება პოლიტიკური კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებებისათვის - „რესპუბლიკური პარტიისთვის“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“, „ეროვნული ფორუმისთვის“, „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატებისთვის“, „საქართველოს კონსერვატიული პარტიისთვის“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოსთვის“ და „საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნებისთვის“ ჯარიმის სახით 2 859 717. 06 ლარის დაკისრებას.

როგორც სამინისტრო აცხადებს, დღეის მდგომაროებით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, კოალიციის ანგარიშების დაყადაღების გარეშე, აღსრულება განახორციელა 122 000 ლარზე, რაც დაკისრებული ჯარიმის მხოლოდ მცირე ნაწილია.

„მიუხედავად ამისა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით და კრედიტორ - სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან კონსულტაციის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ“ - აღნიშნავს იუსტიციის სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დადგენილების საფუძველზე, კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პოლიტიკური სუბიექტები და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ დააჯარიმა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შპს „მენეჯმენტ სერვისმა“ საკუთარი სახსრებით დაიქირავა და 476.614.51 ლარის სარემონტო სამუშაოები ჩაატარა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებულ კოალიცია „ქართული ოცნების“ საოფისე ფართებში, რომლითაც სარგებლობენ პოლიტიკური სუბიექტები - საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალი პარტიები - „რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნული ფორუმი“, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო“, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, „კონსერვატორული პარტია“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.

დაკისრებული ჯარიმა პოლიტიკურ სუბიექტებ 7 დღის ვადაში უნდა გადაეხადათ.




ბეჭდვა