ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებულ ქობულეთის საზოგადოებრივი
კოლეჯის „ახალი ტალღის“ წინააღმდეგ სასამართლო დავაში მოსამართლე შეიცვალა.
როგორც მოსარჩელის, კოლეჯის დირექტორის ექს-მოადგილის თამარ კაიკაციშვილის ადვოკატმა, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა, საქმეს თავიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე თემურ გოგოხია განიხილავდა, ხოლო 20 აგვისტოდან რიგითი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე აგრძელებს.
ადვოკატი ამ ცვლილებას უკავშირებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გაერო-ს საქართველოს ოფისის პრეცედენტულ განმარტებას.
კერძოდ, კაიკაციშვილის თქმით, მოსარჩელე მხარემ გაერო-ს თბილისის ოფისს რეაგირება სთხოვა.
„გაეროს ოფისმა დაგვიდასტურა შემდეგი გარემოებები: პირველი – წარმომადგენლობა გაეცნო პრობლემას და მოახდინა გამოხმაურება, მეორე – გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში დავის გაგრძელების მითითებით ხაზი გაუსვა, რომ საქმე გვაქვს პირის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დარღვევასთან და მესამე – საქმის გაერო–ში გაგზავნით ეროვნული სასამართლოების მიკერძოებულობა ცხადი გახდება“ - აღნიშნავს ადვოკატი.
მისი თქმით, ამ სერიოზული გარემოების შედეგად, მოსამართლის თვითაცილება განხორციელდა.
თამარ კაიკაციშვილი 19 ივნისს კოლეჯის დირექტორმა სასწავლო პროცესში დაშვებული ხარვეზების გამო გაათავისუფლა. მოსარჩელე მხარემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 17 ივლისს მიმართა და მოითხოვა დირექტორის მიერ მიღებული ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა და პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის დაცვა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში პირველი განმხილველი სხდომა სექტემბერშია ჩანიშნული.
