ნოდარ ხადური სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიბარეს
ნოდარ ხადური სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიბარეს
17:53 22.08.2012
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ნოდარ ხადური სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიბარეს.

როგორც „ნიუსპრესს“ ხადურმა განუცხადა, ის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ხვალ 15:00 საათისთვის არის დაბარებული.

„დამიბარეს ჩემს მიერ განხორციელებულ შემოწირულობასთან დაკავშირებით, თუმცა, კონკრეტულად რა შემოწირულობაზეა საუბარი, ხვალ გავარკვევ. ვფიქრობ, რომ ის 330 ლარი, რომელიც მე საბაჟო მოსაკრებლისთვის გადავიხადე, კატალიზატორი გახდა, რომ ეს პროცესი დაეჩქარებინა“- განუცხადა „ნიუსპრესს“ ხადურმა და დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ მიმართ მანამდეც ჰქონდა განხორციელებული შემოწირულობა.

ხადურმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიღებული წერილის შინაარსი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

„თქვენს მიერ პოლიტიკური პარტიის სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულობასთან დაკავშირებით ინფორმაციის წარმოდგენის მიზნით გთხოვთ, მიმდინარე წლის 23 აგვისტოს 15 საათზე მობრძანდეთ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში“- ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძე აწერს.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ბრენდირებული მაისურების შემოსატანად საბაჟო მოსაკრებლის გადასახადი - 330 ნოდარ ხადურმა საკუთარი სახელფასო ანგარიშიდან 17 აგვისტოს გამოიტანა.

რადგან, მისი განმარტებით, კოალიციაში შემავალი სუბიექტების ანგარიშზე ინკასოს დადების გამო თანხა ჩამოჭრილია, ბრენდირებული მაისურების საბაჟო მოსაკრებელს „ქართული ოცნება“ საკუთარი ანგარიშიდან ვერ გადაიხდიდა.

კოალიციაში აცხადებენ, რომ ამჟამად საარჩევნო ბლოკ „ქართულ ოცნებაში“ შემავალი ყველა პოლიტიკური პარტიის ფინანსური ანგარიშები დაყადაღებულია, რის გამოც ბლოკს სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების საშუალება არ ეძლევა.

ბეჭდვა