კახა კალაძის მიმართ იძულებითი სააღსრულებო წარმოება დაიწყო
კახა კალაძის მიმართ იძულებითი სააღსრულებო წარმოება დაიწყო
11:39 22.08.2012
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კოალიცია „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახა  კალაძის საქმეზე სააღსრულებო წარმოება დაიწყო.

როგორც „ნიუსპრესს“ აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში განუცხადეს, კალაძეს ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდის ვადა უკვე ამოეწურა, ხოლო რა მეთოდს გამოიყენებს სააღსრულებო ბიურო, ჯერ უცნობია.

„ჯერჯერობით ვერ დაგიკონკრეტებთ, აღსრულების რომელი მეთოდი იქნება გამოყენებული. სავარაუდოდ, ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი“- განუცხადეს „ნიუსპრესს“ აღსრულების ეროვნული ბიუროს პრესსამსახურში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე კახა კალაძე 16 944 960 ლარით დააჯარიმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, კალაძემ საკუთარი ანგარიშიდან 3 388 992 ლარი გაანაღდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიიჩნიეს, რომ აღნიშნულ თანხებს კალაძე კანონის გვერდის ავლით ფიზიკურ პირებზე ანაწილებდა, რომლებიც შემდგომ თანხას შემოწირულობის სახით „ქართული ოცნების“ ანგარიშზე რიცხავდნენ. 

ბეჭდვა