„გამჭვირვალობა“ მოუწოდებს აუდიტის სამსახურს შეისწავლოს „საქართველო არ იყიდებას“ და მმართველი პარტიის გარიგება
„გამჭვირვალობა“ მოუწოდებს აუდიტის სამსახურს შეისწავლოს „საქართველო არ იყიდებას“ და მმართველი პარტიის გარიგება
15:28 21.08.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წინადადებით მიმართავს ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდება“-სა და მმართველი პარტიის გარიგება შეისწავლოს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, მიმდინარე წლის 20 აგვისტოს ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდებას” სახელით მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიგა ნასარიძემ გააკეთა განცხადება, რომ ნებისმიერ პარტიას, რომელიც მათ პოზიციას იზიარებს, ორგანიზაცია საარჩევნო თემატიკის ვიდეოკლიპებს უფასოდ სთავაზობს.

განცხადებაში ნასარიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეთავაზებას უკვე გამოეხმაურა და მას ვიდეორგოლები უსასყიდლოდ გადასცეს, რომლებიც ზოგიერთი ტელეარხით უკვე გადაიცემა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნულ ფაქტს მმართველი პარტიის პრესსპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილიც ადასტურებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განმარტებით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარტიის მიერ უსასყიდლოდ ან ფასდაკლებით/შეღავათიანი პირობებით მიღებული მატერიალური ან არამატერიალური ფასეულობა შემოწირულობად ითვლება. ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ა1 ქვეპუნქტის თანახმად, პოლიტიკურ პარტიას ეკრძალება შემოწირულებების მიღება იურიდიული პირებისგან.

„გამომდინარე იქიდან, რომ ორგანიზაცია „საქართველო არ იყიდება” არის იურიდიული პირი, მის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” უსასყიდლოდ გადაცემული ვიდეოკლიპები უკანონო შემოწირულობას წარმოადგენს და გარიგების მონაწილე მხარეთა მიმართ უნდა გატარდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” ორგანული კანონით გათვალისწინებული ზომები - გადაცემული ქონების ხუთმაგი ოდენობით დაჯარიმება“- აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შეისწავლოს აღნიშნული ფაქტი და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

ბეჭდვა