არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს „ნაციონალური
მოძრაობის“ შემომწირველების საქმის შესწავლის მოთხოვნით მიმართავს.
არასამთავრობო ორაგანიციის ინფორმაციით, 2012 წლის 19 აგვისტოს ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ეთერში გავიდა „ბი-ტი-ვი სტუდიოს“ მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება სახელწოდებით „ნაციონალური შემომწირველები და თვალებახვეული თემიდა“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, ფილმში მოყვანილი მასალით ირკვევა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 27 შემომწირველი ფიზიკური პირი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია დარეგისტრირებული და სახელმწიფოსგან 30 ლარიან დახმარებას ითხოვს. სწორედ აღნიშნულმა პირებმა 651 440 ლარის შემოწირულება განახორციელეს. ასევე, ფილმში მოყვანილი ფაქტების თანახმად, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 283 956 ლარი შესწირა შვიდმა პირმა, რომელთა ქონება დაყადაღებული იყო.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს კანონის გვერდის ავლით უკანონო შემოწირულობის განხორციელებას, რაც „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის დარღვევას წარმოადგენს.
„მივმართავთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს დაიწყოს მოკვლევა სიუჟეტში მოყვანილი ფაქტების თაობაზე და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება“- აცხადებენ ორგანიზაციაში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, შესაძლებელია დაირღვა 261-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ვრცელდება ნებისმიერ ქმედებაზე და პირზე, რომლის მიზანია ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებისათვის თავის არიდება; ასევე, 27-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია შემოწირულობის სხვა პირის მეშვეობით განხორციელება ან კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის სხვაგვარად გვერდის ავლა.
