სახალხო დამცველი ფიზიკურ პირებს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
სახალხო დამცველი ფიზიკურ პირებს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
19:20 20.08.2012
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარესა და ფიზიკურ პირებს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ 2012 წლის 19 აგვისტოს, ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 20 წლის მსჯავრდებულის გიორგი ბალიაშვილის გარდაცვალების შესახებ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენლები გლდანის #8 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ, სადაც სასჯელს 2 გიორგი ბალიაშვილი იხდის.

ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პირადად შეხვდნენ მსჯავრდებულებს და გაესაუბრნენ. ხოლო 1991 წელს დაბადებული მსჯავრდებულ გიორგი ბალიაშვილი, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით 10 დღის წინ გარდაიცვალა, ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს.

„საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარესა და ფიზიკურ პირებს თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, მითუმეტეს, როდესაც ეს ინფორმაცია ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება, რადგან ყოველივე ამან შესაძლებელია ზიანი მიაყენოს თავისუფლებააღკვეთილ პირებს და ასევე, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“- ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ თუკი რომელიმე დაინტერესებულ პირს რაიმე სახის კონკრეტული ინფორმაცია აქვს, შეუძლია სახალხო დამცველის აპარატს ტელეფონის ნომერზე - 223 44 99 დაუკავშირდეს.

გლდანის მერვე დაწესებულებაში 20 წლის პატიმარ გიორგი ბალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ გუშინ განაცხადა. მისი თქმით, პატიმარი დაახლოებით 10 დღის წინ გარდაიცვალა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მცდარს უწოდებს.

ბეჭდვა