„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ქობულეთის სოფლებში მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის ფაქტებზე რეაგირებას ითხოვს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ქობულეთის სოფლებში მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის ფაქტებზე რეაგირებას ითხოვს
11:36 20.08.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ქობულეთის რაიონის სოფლებში გვარასა და ალამბარში სასოფლო-სამეურნეო  მიწის ნაკვეთების ჩამორთმევის ფაქტებზე რეაგირებას ითხოვს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, რამდენიმე ოჯახისთვის 2008 წელს ქობულეთის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის მიერ საკუთრებაში გადაცემული და შემდგომ საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები გაასხვისა.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მოქალაქეებს ემუქრებიან თუ ისინი აღნიშნული ფაქტის გახმაურებას ან მასზე რაიმე სახის რეაგირებას მოახდენენ.

„საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავჯდომარის მოადგილის ლაშა ანანიძის განმარტებით, კომისიის მიერ გაცემული საკუთრების მოწმობები ადგილობრივებმა საჯარო რეესტრში არ დაარეგისტრირეს – რაც კანონმდებლობით, მათი მესაკუთრედ რეგისტრაციის წინაპირობას წარმოადგენდა“-აცხადებენ „გამჭვირვალობა საქართველოში“.

მათივე თქმით, პირველადი ინფორმაციით, დაზარალებულთა უმრავლესობა საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირებული მესაკუთრეა, თუმცა, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც კანონით დადგენილი პროცედურის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხეს.

„მოვუწოდებთ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, შეისწავლოს არსებული მდგომარეობა და სახელმწიფო ქონების განკარგვისას მესაკუთრეთა უფლებები არ შეზღუდოს. ასევე, მოვუწოდებთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებაში დარეგისტრირებამდე გადამოწმდეს და გამოირიცხოს დაინტერესებული ტერიტორიების სხვა პირთა საკუთრებაში არსებობის ფაქტები“ - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დაზარალებულ მესაკუთრეებს სამართლებრივ დახმარებას გაუწევს და მათ უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს დაიცავს.

ბეჭდვა