შსს სერგო და თემურ კიღურაძეების დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს
შსს სერგო და თემურ კიღურაძეების დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს
11:05 20.08.2012
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამტრედიის რაიონის დაბა კულაშში მოქალაქეების - სერგო და თემურ კიღურაძეების დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურ  ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, სერგო კიღურაძემ დაბა კულაშის საუბნო საარჩევნო კომისიის კოორდინატორს დავით კუხალაშვილს პოლიტიკური პარტიის ლოგოტიპებიანი მაისური შემოახია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შსს-ს ინფორმაციით, სერგო კიღურაძის დაკავების დროს, პოლიციელს სერგო კიღურაძის ბიძაშვილმა თემურ კიღურაძემ ფორმა შემოახია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სერგო და თემურ კიღურაძეები ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით არიან დაპატიმრებული. სასამართლომ მათ 80 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დაკავებული სერგო კიღურაძე „ქართული ოცნების“ აქტივისტია. როგორც კოალიციის სამტრედიის ოფისის მენეჯერმა ქეთევან ივანიშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, კიღურაძეს პოლიციის თანამშრომლები სახლში შეუცვივდნენ და მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

„ოჯახში შეუცვივდნენ და დაარბიეს. სცემეს დაკავებულის დედა. ქალბატონს სხეულზე აქვს დაზიანების კვალი, ჩაუმტვრიეს კბილები, ათრიეს და მთელ ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენეს“- განაცხადა ქეთევან ივანიშვილმა.


ბეჭდვა